წითელა მწვავე ვირუსული ინფექციაა და ჰაერის საშუალებით ვრცელდება. ვირუსი ავადმყოფის ხველისა და ცემინებისას გამოიყოფა და ჰაერში ან ზედაპირებზე ორ საათამდე რჩება, ამიტომ დასაინფიცირებლად ავადმყოფთან ერთ ოთახში ყოფნაც საკმარისია. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმო) შეფასებით, ერთ ავადმყოფს შეუძლია იმუნიტეტის არმქონე 18 ადამიანამდე დააინფიციროს. ადამიანი გამონაყრის გაჩენამდე დაახლოებით 4 დღით ადრე და მის შემდეგ კიდევ 4 დღის განმავლობაში არის გადამდები, ანუ ხშირად ავადმყოფობის შესახებ არც კი იცის, როცა სხვებს აინფიცირებს.
წითელას სიმპტომები: როგორ მიმდინარეობს დაავადება
დაინფიცირებიდან პირველ ნიშნებამდე ჩვეულებრივ 7-14 დღე გადის. შემდეგ დაავადება ეტაპობრივად ვითარდება.
- დასაწყისი (4-7 დღე). მაღალი სიცხე, ხველა, სურდო, თვალების სიწითლე და ცრემლდენა, ყელის ტკივილი, მადის დაქვეითება. თვალებს სინათლე სტკივა. ზოგჯერ ლოყის ლორწოვანზე წითელი არშიის მქონე წვრილი თეთრი ლაქები ჩნდება (კოპლიკის ლაქები). ისინი ექიმს გამონაყრამდეც ეხმარება წითელას ამოცნობაში.
- გამონაყარი. პირველი ნიშნებიდან 3-5 დღის შემდეგ ჩნდება გამონაყარი: ჯერ სახეზე და კისრის ზედა ნაწილზე, შემდეგ სამიოდე დღეში ტანსა და კიდურებზე ეშვება. ლაქები მსხვილია, შეიძლება შეერწყას ერთმანეთს და სუსტად ქავის.
- გამოჯანმრთელება. სიცხე ეცემა, გამონაყარი ქრება, კანი ზოგჯერ აქერცლება და მუქი ლაქები რჩება, რომლებიც თავისთავად გაივლის.
აცრილ ადამიანებში წითელა ზოგჯერ უფრო მსუბუქად და არატიპურად მიმდინარეობს: გამონაყარი ფერმკრთალია, სიცხე უფრო დაბალია. თუ ავადმყოფთან კონტაქტი გქონდათ, ექიმს მაინც აჩვენეთ.
რით არის წითელა საშიში
ბევრი ადამიანი შედეგების გარეშე გამოჯანმრთელდება, თუმცა გართულებები ხშირია. ყველაზე ხშირია შუა ყურის ანთება და პნევმონია. უფრო იშვიათად ზიანდება თავის ტვინი: დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების (CDC, აშშ) მონაცემებით, ენცეფალიტი წითელით დაავადებულ 1000 ადამიანიდან დაახლოებით ერთს უვითარდება. წითელამ შეიძლება მძიმე დიარეა და თვალის დაზიანება გამოიწვიოს, მათ შორის მხედველობის დაკარგვაც. დაავადებას ყველაზე მძიმედ იტანენ 5 წლამდე ბავშვები, 30 წელზე უფროსი ასაკის მოზრდილები, დასუსტებული იმუნიტეტის მქონე ადამიანები და ორსული ქალები: მათ შემთხვევაში იზრდება მუცლის მოშლისა და ნაადრევი მშობიარობის რისკი.
ვირუსი იმუნური სისტემის „მეხსიერების“ ნაწილსაც აზიანებს, ამიტომ წითელას შემდეგ გარკვეული დროით ორგანიზმი სხვა ინფექციებს უფრო ძნელად უმკლავდება.
როგორ სვამენ დიაგნოზს და მკურნალობენ წითელას
დიაგნოზს ექიმი სვამს დაავადების სურათისა და ავადმყოფთან კონტაქტის მიხედვით, დასადასტურებლად კი ლაბორატორიული ანალიზი ტარდება: ვირუსის საწინააღმდეგო ანტისხეულებს ან თვით ვირუსს (PCR) ეძებენ. წითელას სპეციფიკური ანტივირუსული პრეპარატი არ არსებობს. მკურნალობა მხარდამჭერია: წოლითი რეჟიმი, ბევრი სითხე, სიცხის დაწევა, სუნთქვაზე დაკვირვება. ჯანმოს რეკომენდაციით, A ვიტამინი წითელაზე ეჭვის შემთხვევაში 5 წლამდე ყველა ბავშვს ეძლევა, მაგრამ მას მხოლოდ ექიმი ნიშნავს. ანტიბიოტიკი ვირუსზე არ მოქმედებს და მხოლოდ ბაქტერიული გართულებების დროს გამოიყენება. ავადმყოფი გამონაყრის გაჩენის შემდეგ დაახლოებით 4 დღე სახლში უნდა დარჩეს და საბავშვო ბაღში, სკოლასა თუ სამსახურში არ უნდა წავიდეს.
წითელას აცრა საქართველოში
ერთადერთი საიმედო დაცვა ვაქცინაა. საქართველოში წითელას საწინააღმდეგო აცრა პროფილაქტიკური აცრების ეროვნულ კალენდარშია და კომბინირებული წწყ (MMR) ვაქცინით ტარდება, რომელიც წითელას, წითურასა და ყბაყურას ერთდროულად მოიცავს. კურსი ორდოზიანია: აცრა 12 თვის და 5 წლის ასაკში კეთდება (მინისტრის №01-60/ნ ბრძანება, 2023 წლის 13 ივლისის რედაქცია). აუცრელი ბავშვები და მოზარდები წწყ ვაქცინის 2 დოზით იცრებიან, დოზებს შორის მინიმალური ინტერვალი 4 კვირაა.
საქართველოს კლინიკებში ხელმისაწვდომია, სხვა პრეპარატებთან ერთად, MMR (Serum Institute of India) და Priorix (GSK). აცრის ფასები საქართველოს კლინიკებში ამავე გვერდზე ქვემოთ არის მოცემული. 18 წლამდე ბავშვებს კალენდრის აცრები სახელმწიფო პროგრამით უფასოდ უტარდებათ — პოლიკლინიკაში ან ოჯახის ექიმთან, სადაც ბავშვი რეგისტრირებულია.
ვაქცინა ცოცხალია, ამიტომ ორსულობისას და მძიმე იმუნოდეფიციტის დროს არ კეთდება, ვაქცინის კომპონენტზე ალერგიის შემთხვევაში კი აცრის საკითხს ექიმი წყვეტს. თუ ორსულობას გეგმავთ და დარწმუნებული არ ხართ, რომ წითელასა და წითურას წინააღმდეგ აცრილი ხართ, ექიმს წინასწარ, ჩასახვამდე გაესაუბრეთ. მოზრდილებმა, რომლებსაც აცრის დოკუმენტი არ აქვთ და წითელა არ გადაუტანიათ, თერაპევტს ან ინფექციონისტს მიმართონ: ის განსაზღვრავს, რამდენი დოზაა საჭირო.
რა უნდა გააკეთოთ წითელით დაავადებულთან კონტაქტის შემდეგ
კონტაქტის შესახებ ექიმს რაც შეიძლება ადრე შეატყობინეთ, სიმპტომების გაჩენამდე: კონტაქტიდან პირველ დღეებში აუცრელი ადამიანის დაცვა ზოგჯერ შესაძლებელია. კლინიკაში ან ოჯახის ექიმთან წასვლამდე წინასწარ დარეკეთ და თქვით, რომ წითელაზე ეჭვობთ, რათა საერთო რიგში არ დაგსვან და სხვა პაციენტები არ დააინფიციროთ. მომდევნო სამი კვირის განმავლობაში სიცხეს აკონტროლეთ.
როდის უნდა მიმართოთ ექიმს სასწრაფოდ
- სიცხე 39 გრადუსზე მეტია ან სამ დღეზე მეტხანს არ ეცემა;
- გაგიძნელდათ სუნთქვა, გაქვთ ქოშინი ან მკერდის ტკივილი;
- ძლიერი თავის ტკივილი, ძილიანობა, კრუნჩხვა ან ცნობიერების არევა;
- ბავშვი სითხეზე უარს ამბობს, იშვიათად შარდავს ან უჩვეულოდ მოდუნებულია;
- ორსულს წითელით დაავადებულთან კონტაქტი ჰქონდა.
მძიმე მდგომარეობისას გამოიძახეთ სასწრაფო დახმარება ნომერზე 112.